გამარჯვება დოჰაში!!! IJSO – 2019, Qatar! ბრინჯაოს მედალი ჩვენია!
IJSO – ახლაგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადა წელს ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართა. IJSO–ეს მსოფილოს ერთ–ერთი ყველაზე რთული ოლიმპიადაა, ის 3 საბუნებისმეტყველო საგანში: ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში იმართება. ოლიმპიადა 10 დღის განმავლობაში გრძელდება და სამ ტურად ტარდება. მოსწავლეები ერთმანეთს ტესტურ, თეორიულ და ექსპერიმენტულ დავალებებში ეჯიბრებიან. გუნდის ლიდერები მონაწილეობენ ოლიმპიადის დავალებების არჩევაში და მათ თარგმნაში, თუმცა ყველა მონაწილე სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას. წელს ოლიმპიადაში მონაწილეობდა ქვეყნების სარეკორდო რაოდენობა – 70. მით უფრო სასიხარულოა ჩვენი ნაკრების ბრწყინვალე გამოსვლა – ქართველებმა ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ! საქართველოს ნაკრები მთლიანად ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლის X კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტდა (რადგანაც მონაწილეთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 16 წელს).
მის შემადგენლობაში შედიოდნენ:
მარიამ ქათამაშვილი
მიხეილ სეფაშვილი,
ალექსანდრე ქოქიაური,
ლუკა მჭედლიძე,
ნანო კანტიძე
ლუკა ზუხბაია.
აღსანიშნავია, რომ წელს ნაჩვენები შედეგი საუკეთესოა ჩვენი გუნდის ისტორიაში (საქართველო IJSO – ზე 2016 წლიდან მონაწილეობს). ცხადია, ამაში დიდი როლი შეასრულა ჩვენი სკოლის მიერ გამოცემულმა STEM-ის სახელმძღვანელოებმა, რომლებიც სწორედ IJSO-ს წინა წლების ამოცანებზე დაყრდნობით შეიქმნა. ამით ჩვენი გუნდის მომზადებამ სისტემური ხასიათი მიიღო და შედეგმაც არ დააყოვნა. მომდევნო ოლიმპიადა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გაიმართება, საიდანაც მოწვევა ჩვენმა გუნდმა უკვე მიიღო. გერმანიაში მონაწილეთა რაოდენობა 50 ქვეყნით განისაზღვრა და მათი არჩევა სწორედ წინა წლებში ნაჩვენები შედეგებით მოხდა. აღსანიშნავია, რომ IJSO – 2020 საპატიო თავმჯდომარე გერმანიის პრეზიდენტი ბატონი ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერი იქნება.
Comments