„ქარი აკრთობს ხეებზე ფოთლებს,
წვიმა ასველებს შემოდგომის ოცნებას ყველას,
ნეტავ რას ფიქრობს მეეზოვე ეზოში მარტო,
ვიცოდე ნეტავ,
შემოდგომის პირქუში ცა რატომ ღვრის სევდას“

ამ ლირიკული ნაწარმოების ავტორი, ჩვენი სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე, ლიზი ბუდაღაშვილია. მისმა ლექსმა იტალიის ქალაქ აოსტაში გამართულ ლიტერატურულ კონკურსზე განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ლიზის, როგორც წარმატებულ მონაწილეს, გადაეცა პრიზი და დიპლომი.

ლიზი მხოლოდ 12 წლისაა, თუმცა მიღებული ჯილდოები ცხადყოფს, რომ მისი კარიერა წარმატებული იქნება. იგი მონაწილეობს კონცერტებში, ფესტივალებში, არის პიანისტთა საერთაშორისო და რესპუბლიკური კონკურსების გამარჯვებული:

  • 2009 წელი – ავსტრია-შვეიცარიის პიანისტთა მიერ ორგანიზებული კონკურსი „მუსიკა სეგაშვილი“, ლაურეატი – I ადგილი;
  • 2010 წელი – იტალია, ქ. კანდელო, პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი „RICETO DI MUSICA”, ლაურეატი – II ადგილი;
  • 2011 წელი – საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა V  საერთაშორისო კონკურსი;
  • 2011 წელი – საქართველოს პიანისტთა მე-4 კონკურსის პატარა კონკურსგარეშე მონაწილე;
  • 2012 წელი – იტალია, ქ. ფლორენცია, საერთაშორისო პიანისტთა კონკურსი „MUSICA CRESHENDO” – I ადგილი;
  • 2012 წელი – იტალია, ქ. ბოლონია, საერთაშორისო პიანისტთა კონკურსი „CONCORSO ANDREA BALDI” – III ადგილი;
  • 2012 წელი – იტალია, ქ. ტრიესტი – „CONCORSO INTERNAZIONALE DI POESIA CASTELLO DI DUINO”
  • 2012 წელი – იტალია, ქ. აოსტა, ორგანიზაცია UNIVERSUM-ის მიერ გამართული IX “Premio litterario internazionale citta di Aosta”
  • 2012 წელი – იტალია, ქ. რომი, „ჯუზეპე ჯოაკინო ბელლის სახელობის ხელოვნებისა და კულტურის XXIV საერთაშორისო კონკურსი, XXIV concorso internazionale d’arte e cultura Ciuseppe Ciochino Belli”

მუსიკით გაჯერებული პოეზიის ფერებით პატარა ხელოვანი საკუთარ სამყაროს ხატავს და ამ ამაღლებული განწყობით იქმნება ხან მუსიკალური ნაწარმოები, ხან – ლექსი და ხანაც – ფერწერული ნამუშევარი.

იტალიურ ენაზე ნათარგმნმა ლიზი ბუდაღაშვილის ლექსმა რომში გამართულ კულტურის საერთაშორისო კონკურსშიც გაიმარჯვა, დაჯილდოების ცერემონიალზე კი გოგონა დეკემბერში გაემგზავრება.
ლიზის სურს, გამოსცეს საკუთარი ნახატებით გაფორმებული ლექსების კრებული, ოცნებობს პერსონალური გამოფენის მოწყობაზე.

არაერთი კონკურსის პრიზიორი სწავლას, მუსიკას, მხატვრობასა და პოეზიას თანაბარ დროს უთმობს. იგი სწავლობს ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ნიჭიერთა ათწლედში ფორტეპიანოს სპეციალობით პროფესორ ალექსანდრე გარბერის კლასში, ირიცხება ამავე სკოლაში ქართველი კომპოზიტორის – მერი დავითაშვილის კლასში, ასევე საქართველოს ცენტრალურ სამხატვრო გიმნაზიის VI კლასში.

მშობლიური სკოლა ამაყობს ლიზის წარმატებით, უსურვებს წინსვლას და პატარა ხელოვანი  300 დოლარით დააჯილდოვა.

Close Menu